ნიჭიერი მწერალი

(არ ახალია – ძველია)

 საჭიროდ ვრაცხ ამ თავიდანვე გავაფრთხილო მკითხველი, რადგან სიტყვას “მწერალი” როცა ვხმარობ, ვიგულისხმებ პოეტს, ბელეტრისტს, დრამატურგს.
   ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
   ვის დაერქმის ღირსეულად ეს სახელი?
   რა ნიშნები ეტყობა უტყუარ ნიჭსა?
   მწერალს, უპირველესად ყოვლისა, საკუთარი “ენა” უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვსთქვათ, - მწერლის სულია; ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი “მე”. ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წიგნად, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის.
   ამ განსაკუთრებულს დაღს რა ასვამს ნაწარმოებს და რა ჰხდის მას ადვილ საცნობლად?
   ეს გახლავთ “ენა”, რაშიაც უხილავად ჩაქსოვილია მთელი მისი სულიერი სიცოცხლე, ავლადიდება. ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, იქ არის ჩაწმახნული, მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფრაზეოლოგია, საკუთარი წინადადებანი, საკუთარი სურათები, თუნდაც ისინი სხვის სურათებს ჰგავდეს, მაინც და მაინც თავისებურად უნდა იყოს გამოთქმული; მაშასადამე, ორიგინალობა უნდა ეტყობოდეს, ბეჭედი თავისებურობისა უნდა ესვას.
   ეს, ვსთქვათ, გარეგანი ნიშნებია მწერლის ნიჭისა, ხოლო შინაგანი ღირსება ისაა, თუ რა მოვლენანი გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა ღირებულობისაა ეს მოვლენანი, რამდენად დამოკიდებულია ამ მოვლენებზე  ბედი და უბედურება, სიავე და სიკეთე ადამიანთა სიცოცხლისა, ცხოვრებისა, - და რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ მოვლენათ, რამდენად გვიტაცებს, გვიმორჩილებს მისი ნაწარმოები, - ჩვენზე რამდენად ძლიერ მოქმედობს. ყოველი ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ მწერალი რამდენად ღრმადაა ჩახედული ცხოვრებაში, რამდენად ესმის საჭირბოროტო კითხვები ამ ცხოვრებისა და რამდენად ძლიერად იგრძნო მათი მავნებლობა, თუ სარგებლობა.
   დიაღ, სარგებლობა და მავნებლობა...
   ნუ გგონიათ, რომ ამას ანგარიშს არ უწევდეს პოეტი.
   თუ სხვაში, ყველაფერში, დაბდური, უანგარიშო, დაუდევარია, ამ შემთხვევაში უაღრეს ანგარიშიანობას იჩენს, - იგი ადამიანთა ცხოვრების დარაჯია.
   გენიოსების ნაწარმოები რომ განსჭვრიტოთ ამ თვალსაზრისით, იქ უფრო ცხადად შეჰნიშნავთ ამას; ესაა მათი დამახასიათებელი, ესაა ღრმა, წამალდაუდებელი, მოურჩენელი წყლული იმათის გულისა. ცხოვრების და ბუნების გარეშე წარმოუდგენელია მწერალი, როგორც ყოველი სულიერი და უსულო არსება; წარმოუდგენელია ნიჭიერი მწერალი, გენიოსი, უიმისოდ, რომ იმას არ აწუხებდეს ტკივილები ადამიანთა ცხოვრებისა.
   თუ ამას მოკლებულია, იქ ნიჭს რა ესაქმის, იგი მაშინ მკვდარია, არარაობაა.
   შეიძლება გენიოსების ნაწარმოებში ეს  ადამიანთა ცხოვრების ტკივილები მკითხველს თვალში არ ეჩხირებოდეს, როგორც რეკლამა, მაგრამ, აბა, მოჩიჩქნეთ,ღრმად ძირი მოუთხარეთ, ჩაიხედეთკარგად, იქ რაოდენ ცრემლის ზღვას დაინახავთ, ადამიანთა უბედურებისა გამო დანთხეულს! რამდენადაც დიდი ნიჭის პატრონია მწერალი მით უფრო მჭიდროდ  არის იგი დაკავშირებული იგი ცხოვრებასთან, მის მწვავ საკითხებთან.
   გენიოსი სდუღს, იხარშება ამ წუთისოფლის გაჩაღებულ ქარაში და იმავე დროს ეს წუთისოფელიც სდუღს და ნახევრად მოხარშულიცაა იმის გულში.
   გენიოსს არ შეუძლიან იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად , მესამედად ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ; არ შეუძლიან აგრედვე იგრძნოს დაბალი, მცირე ღირსების საკითხები, რომლებიც დაახლოებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან.
   გენიოსთა ნაწარმოები ეროვნულ ნიადაგზე და ხშირად ეთნოგრაფიულზეა აღმოცენებული. მაშასადამე – კერძო თვისებისა, ზოგადი, საკაცობრიო ხდება და ერთნაირად საყვარელია ყველა ადამიანისათვის, რომელ ეროვნებასაც უნდა ეკუთვნოდეს იგი...
   ნიჭიერი მწერალი ექიმია ცხოვრებისა და თუ მწერალთა შორის სხვადასხვაობა იბადება, სხვადსხვა წამლის მიწვდაა სნეულისათვის, ეგ ნიჭისა და ინდივიუალობის ბრალია.
   ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებს სამი უმთავრესი მიმართულება ეტყობა, თუ კარგად დავუკვირდებით.
   პირველი ის, რომ მონანი ვართ ცხოვრების პირობებისა, უძლურნი ვართ მის წინაშე, - არ არსებობს თავისუფალი ჩვენი ნება, - ყოველი უბედურებაა ჩვენს თავს: უსამართლობა, უზნეობა, სიღარიბე, ყოველგვარი ცდომილება ამ პირობების ბრალია.
   მეორე მიმართულება გვიკარნახებს, რომ აქ ცხოვრების პირობები არფერს შუაშია და თუ ჩვენ, საზოგადოების წევრნი, პირადად არ გავუკეთესდებით, ათასი კარგი პირობებიც რომ შევქნათ, მაინც არაფრად ვევარგებით, უბედურები ვიქნებით, მაინც უსამართლობას, საწყლობას, უსწორმასწორობას თავიდან ვერ ავიცილებთო.
   მესამე მიმართულება, აერთებს რა პირველ ორ მიმართულებას, ე.ი. ცხოვრების პირობათა ძლიერებას იღებს მხედველობაში, პიროვნებათა, ინდივიდთა გაუმჯობესებას მეტს ღირებულებას, მეტს მნიშვნელობას აძლევს.
   აი სასწორი და საზომი, რომლითაც მწერალნი ჰზომენ და ჰსწონენ ცხოვრების მოვლენათა.
   აღზდისა, პირველ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ ზოგი პოეტი საგმირო მოვლენად დაჰმღერის, მეორე – ბუნებას, მესამეს თავის საგნად მდაბიო ხალხის ცხოვრება გაუხდია და სხვა.
   აქედან წარმოსდგება თვისება, მიმართულება ნიჭისა, ხოლო სიღრმე აზრისა და გრძნობისა ნიჭის ძლიერებაზე, მის განვითარებაზეა დამოკიდებული.
   ერთსა და იმავე საგანზე, თემაზე, ყველა პოეტი ერთსა და იმავე ღირსების თხზულებას ვერ დასწერს და ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ საგანი მისის ნიჭის, შემოქმედების საზღვრების გარეშეა, არ შეესაბამება მის ნიჭს და თუ შეესაბამება, სუსტი ნაწარმოების დამწერი, სუსტის ნიჭის პატრონად უნდა ვაღიაროთ.
   ახალგაზრდა ნიჭს, რომელსაც გზა ჯერ ვერ გაუკვლევია, ბნელში ხელებს აფათურებს, ტირილზე ტირის, სიცილზე იცინის, ხოლო არ იცის, ვერ ჰხედავს ტირილი მგლისაა, თუ ცხვრისა, სიცილი კეთილ ადამიანებისაა, თუ ავაზაკთა. ხშირად მისდევს მოდას, ბრბოს, დროის გემოვნებას, ჰღალატობს თავის ნიჭს, იმ ფესვებს, რომლებზედაც აღმოცენდა მისი ნიჭი და შემოქმედება.
   ამ შემთხვევაში მას დახმარება კრიტიკამ უნდა გაუწიოს, დააყენოს შესაფერს გზაზე.
   დიდი საქმეა მწერლისთვის, სცნობდეს იგი თავის ფესვებს; დიდი საქმეა მცენარისთვის, ერთს ალაგას იდგეს და მის ფესვებს არავინ სჩიჩქნიდეს და ერთი ადგილიდან მეორეზე და მესამეზე არ გადაჰქონდეთ. ხოლო ფესვები მწერლისა მის სიყრმის დროის სიცოცხლეშია გართხმული.
   იქ, სწორედ იმ მომენტიდან იწყება ამ ფესვების ზრდა, როცა პირველად მწერლის ნიჭი გაიღვიძებს, ცხოვრების, ბუნების შთაბეჭდილებათა წყალობით, როცა ის ან “ვაის” წამოთქვამს, ან “უის”...
   სიყმაწვილსი შთაბეჭდილებანი უკვდავია. ადამიანის გულში საერთოდ, მითუმეტეს ნიჭიერი ადამიანისა, და ნიჭის სათავე და დასაწყისიც სწორედ იქ არის. პირველად პატარა ყლორტი ამოვა და თუ არაფერმა შეუშალა ხელი, თანდათან ზრდას იწყებს და დიდი ხედ გაიზრდება. ასე სწარმოებს ნიჭის განვითარებაც.
   ეს სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი ასმევენ პოეტს შემოქმედების ნექტარს. დარწმუნდით, რომ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ შექსპირებმა და რუსთაველებმა გაგვაგონეს ხმები “გულისა გასაგმირონი”.
   დიდად საჭიროა მწერლისთვის პატრიოტიზმი. თავის ერის და ენის სიყვარული.
   როგორ შეიძლებოდა, თქვენვე იფიქრეთ, რუსთაველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა, ეგრძნო და ისე დაეწერა “ვეფხისტყაოსანი”!
    ან დიდი მცოდნეც რომ ყოფილიყო, მონგოლურის და არაბულის ენებისა, და იმათ ენაზე დაეწერა თავისი უკვდავი ნაწარმოები, ის იქნებოდა, რასაც დღეს ვხედავთ? არც მესამედი!
   პოეტისათვის ისევ საჭიროა უყვარდეს თავისი ერი და ამ სიყვარულს იმედნივე მნიშვნელობა აქვს მისთვის, რამდენიც ორთქლმავლისათვის ორთქლსა: როგორც უორთქლოდ მანქანა არ დაიძვრის, ისე პოეტის შემოქმედება დუნეა, თუ ამ სიყვარულმა არ აამოძრავა, აღშფოთება რა შთაბერა მას.
   დედა-ენა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა ერთნაირი ამამოძრავებელი ძალაა, ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის ძალ-ღონის მიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა. თუ პირველი მარცხნივ უდგა და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოების ფორმას აძლევს.
   წინ და წინვე განსაზღვრა ფორმის ნამდვილი პოეტისათვის ყოვლად შეუძლებელია, ფორმა უნდა მოჰყვეს თვით ნაგრძნობს და ნააზრევს. ნამდვილად ნაგრძნობ საგანს და ნაწარმოებს თან მოჰყვება ფორმა. როცა კი მწერალი კალამს ხელს მოჰკიდებს და ფორმის წინასწარ პლანის შედგენას, ძალდატანებას თვით შეუდგება, ნაწარმოების სისუსტის მომასწავებელია.
   მკითხველი მხოლოდ მაშინ წამოიძახებს პოეტის ნაწარმოებზე: “რა კარგია, რა მშევენიერებაო”. როცა სურათი მძიმე, რომელიც მან დახატა, ისეთს სულიერს ტკივილებს აგრძნობინებდა მწერალს, როგორც ფიზიკური ტკივილი გულისა, თავისა, მთელის სხეულისა; ეს კი მოხდება მაშინ, როცა გულში მოხარშული სურათი ჩუმად მუჯლუგუნებსა სცემს პოეტს: “ჩქარა ქაღალდი და კალამი, დამხატე, გააცანი ჩემი თავი ადამიანთაო!”. სურათის ქმნა პოეტის გულ-გონებაში მშობელ ენაზე სწარმოებს, ჩუმად, ყრუდ...
   პოეტები თუ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მიმართულებით, წერის საგნთა შერჩევით, ბევრშიცა ჰგვანან ერთიმეორეს. უყვართ სილამაზე, რომელსაც უსათუოდ ქალის სახით წარმოადგენენ, - ბუნება, გმირობა, თავდადება, ხასიათის სიმტკიცე, საზოგადოდ ალტრუისტული მისწრაფებანი, და სძულთ ძალმომრეობა, ადამიანისა და ადამიანის მიერ ჩაგვრა, მონობა და ზნეობრივად დაცემა საერთოდ.
   ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
   ვისაც დიდად უყვარს ადამიანი, დიდად მოწადინებულია გააბედნიეროს იგი, ვისაც დიდად უყვარს ცხოვრება და ენიაზება მისი გაუკეთესება. ამისთვის საჭიროა დიდი გრძნობა, დიდი ცოდნა ადამიანის სულისა და მის ცხოვრებისა.
   იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც თავად რასაცა ჰგრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს, ვინშიაც ძლიერად სჩეფს ეროვნული სისხლი, ვინაიდან ეს უმთავერესი ფესვია იმის შემოქმედებისა; ეს, როგორც ქართველი ერი ამბობს, “ალალი რძეა დედისა” და, ნუ ჰგონია ვისმე, - უამისოდ ნაყოფი გამოიღოს მისმა ნიჭმა.
   ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
   ვისი ნაწარმოებიც, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, მით კიდევ მადა გიღვიძებს, ახლად წაკითხვისას, მაშასადამე, ნაწარმოებში უნდა იყოს ჩაქსოვილი უკვდავი ჭეშმარიტება, სამარადისო მშვენიერება...
   ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
   ვისი სიცილიც ნამდვილი, ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილიც, ცრემლი, ნამდვილი ცრემლია და არა წყალწყალა სითხე, - ვისაც როცა უკანასკნელი წამი დაჰკრავს და სამარეში ჩაეშვება მწერლის გვამი, ჩანგი თან ლოცვა-კურთხევას ჩააყოლებს და არა სამდურავსაც:
   ყალბი იყავ და ყალბად მაჟღერებდიო!

                                                                                                            1910 წ.