ვერ მოჰკლეს!

“ილია რო მოჰკლეს!”- მითხრა ერთმა ჩემმა ნაცნობმა მწუხარე და თან გაკვირვების კილოთი.
   თავზარი დამცა ამ ამბის გაგონებამ და ათასი კითხვა აღმიძრა: ვინ მოჰკლავდა, ნეტავ , ილიას? განა შეიძლება ამისთანა ადმიანების მოკვლა? ნუთუ ქართველებმა შეახეს ხელი თავსი მამას, ქართველთათვის თავდადებულს, თავის ერისათვის მოჭირნახულე ადამიანს? იქნებ უცხოელებს შეჰშურდათ ჩვენთვის ეს მართლაც ერთადერთი ბურჯი ჩვენის ქვეყნისა, ბურჯი ჭკუით, ნიჭით და გამოცდილებით? ათასი ამისთანა კითხვა დამებადა თავში და დღესაც კი, დღეს, როცა ეს სტრიქონები იწერება, არ ვიცი მიზეზი ილიას სიკვდილისა. ვიცით მე და თქვენ, მკითხველო, მხოლოდ ფაქტი, რომ მოგვიკლეს საუკეთესო, პირველი ადამიანი, ჩვენის მწერლობის სულის ჩამდგმელი, მოღვაწე, დიდი მოამაგე ქართველ ერისა. რომელი ერთი ჩამოვთვალო ილიას წვრილმანთაგანი? ეს ყველამ კარგად უწყის. საშინელი, მეტისმეტად ბარბაროსული მკვლელობაა, რომლის მსგავსი არსად, არა ქვეყანაში არ მომხდარა და არც მოხდება! მოხოდ საწყალს, უბადრუკს, უბადრუკის შვილების პატრონს საქართველოში შეიძლება ამისთანა მკვლელობა... რევოლუციის სახელით. საბრალო, საწყალო რევოლუცმავ ჩვენს ხელში.
   საზარელი ფაქტია, საზარელი მოქმედებაა, საშინელი აზრის პატრონნი უნდა იყვნენ მკვლელობის ჩამდენნი. აშკარაა და აშკარად ვიტყვი: იალიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავენ.
   აბა კარგად ჩაუკვირდით საქმეს, თუ ასე არ არის, დიღ, ასეა და ეს არიც კიდეც უბედურება, ჩვენს თავზე მოვლენილი. უგუნურთ ნუთუ რა იციან, რომ საუკეთესო ადამიანების ხოცვა, კვლა, მოკვლაა მთელის ქვეყნისა. სოფელი ვინ და ერთი კაციო. ნუთუ იქამდე დავკნინდით, დავკარგეთ ადამიანობა, ნამუსი, დავიბრმავეთ გონება, რომ ამისთანა აზრები ღორძინდება საქართველოში? ნუთუ ვისმე ფანატიკოსებს ჰგონიათ, რომ ილიების ხოცვით მოჰკლავენ თვით იდეას, რომელიც უკვდავია და რომელსაც მხოლოდ ილიასთანა ადამიანებს ემსახურონ და არა უძლურთ, უვიცთ და საზოგადოების ნაძირალებს: ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ  უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს... საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!
   რა ვქვათ მკვლელებზე, ამ საცოდავს  მეოცე საუკუნის ჰეროსტრატებზე? რა ადამიანები უნდა იყვნენ ილიას მკვლელები? როგორ მოვიხსენოთ ისინი? რგორ მოვექცნეთ ამ უბადრუკებს? ნუთუ ისე, როგრც გვირჩევს  ამ დღებში დაბეჭდილი მოწოდება ქართველთდამი – ცეცხლი და მახვილი მკვლელებსაო. ესღა გვაკლია, რომ ბარბაროსობას კიდევ სხვა ბარბაროსობა დავურთოთ ზედ, დავერივნეთ ერთმანეთს, ვხოცოთ, ვჟლიტოთ ერთმა და გავახაროთ ისედაც ჩვენის უბადრუკობით გალაღებული მტერი? ღმერთმა გვაშოროს  ამისთანა საქციელი...
   ნაღვლით და ბოღმით აღსავსე მე ასე ვსჯი, რომ ილიას მკვლელნი შესაბრალისნი, ყოვლად საწყალნი, ყოვლად გამოთაყვანებულნი, უვიცნი, ზნეობით გათახსირებულნი და ბრმანი უნდა იყვნენ, სატირელნი და სავალალონი ჩვენ ქართველებისაგან.
   სხვა რა ვთქვათ? სხვა რა ვიფიქროთ? სისხლი სისხლისთვის? ცოდვა მივუმატოთ ცოდვას? სირცხვილს – სირცხვილი? განა იმათ ადამიანობისა ერთი ბეწო ნიშანწყალი რომ ჰქონდეთ, იზამდნენ ამას? მოჰკლავდნენ ამისთანა ადამიანს, რაც უნდა მისგან ნაწყენნიც იყვნენ? არა. არ არიან ისინი ადამიანები, უნდა შევრაცხოთ მხეცებად, პირუტყვებად, და პირუტყვებზე როგორ ვიძიოთ შური, ისე, როგორც ადამიანზე, ეს ხომ ჩვენივე სირცხვილია, ჩვენის ადამიანობის დამცირებაა?!
   მოჰკლეს ილია!.. მაგრამ ვერ მოჰკლეს, ვერა! მისი ხსოვნა უკვდავია, ვიდრე საქართველო იქნება. დიაღ, ვერ მოჰკლეს, რადგან თუ რამდენიმე, თითებზე დასათვლელი ადამიანი ხარობს ილიას სიკვდილით, ასი ათასი მისტირის ამ ჩვენს სასიქადულო მამულიშვილს დარამდენიც ხანი გაივლის, მით უფრო, დაკლების მაგივრად, გრძნობა სიბრალულისა და სიყვარულისა მოიმატებს ერის გულში.
   “საწყალი ილია, საწყალი ილია!” მესმის გულსაკლავად წარმოთქმული აქეთ- იქიდან სიტყვები მამათა და დედათა მიერ. საწყალი ილია? არ არის ილია საწყალი, ვინაიდან მან აასრულა თავისი მოვალეობა წინაშე თავის ქვეყნისა. იბრძოლა, იღვაწა ჩვენს სასარგებლოდ და დაღლილ-დაქანცული მიებარა ცივ სამარეს, ჩაიყოლა თან ისევ ჩვენი დარდი, დარდი თავის ქვეყნისა... გაიყოლა თან ის ტყვიები, რომლითაც ჩვენ იმას გაუმასპინძლდით, წყლულები ჩვენ მიერ დაჩნეული. ჩაიყოლა თან ყველა ეს ჩვენ მიერ მიძღვნილი სასიქადულო ძღვენი, მაგრამ ილია იმდენად ჭკვიანია, იმდენად უყვარს ქართველები და საქართველო, რომ მამაპაპათა წინაშე დაჰმალავს ტყვიებსაც, წყლულებსაც, რომ ჩვენზე ცუდი არ ათქმევინოს და არ აფიქრებინოს, არ გააჯავროს ჩვენზე ისინი.
   საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ჩვენო იმედო, ჩვენო საყვარელო ილია!

                                                                                                              (1907წ)