ბერიძე გაუტეხელი

(საშობაო მოთხრობა ფშავლების ცხოვრებისა)

შობის წინა დღე იყო, ქარიანი და სუსხიანი მთაში, ხოლო ბარში რა ამინდი, როგორი ტაროსი იდგა, იმისი რა მოგახსენოთ. ქარი თოვლს, როგორც ბელტს, ისე ჰგლეჯდა, აჰქონდა და ჰაერში ხვავივით ანიავებდა; ძნელი გამოსაცნობი იყო, სთოვდა, თუ ქარბუქისაგან ატანილი, ატაცებული თოვლი ცვიოდა დედამიწაზე. მთის ბუნება ბობოქრობდა, ისმოდა ქარის სისინი, წივილ-ზუილი და ხანდახან ბუბუნი. მთის ბუნებას ვამბობ, თუმცა ბუნება აქ არსად აღარა სჩანდა. თოვლ-ბუქში, კორიანტელში ამ ბუნების აბეზარობას ებრძოდა მხოლოდ ერთი ადამიანი,  მოხუცი სამოც წელს გადაცილებული. მგზავრს მიეღწია უღელტეხილამდინ, მთის ყელამდინ. ის იყო, უნდა სამშვიდობოს გადასულიყო, რომ ქარი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, აწვებოდა მოხუცებულს და დაბლა ახეთქებდა; მოხუცი მაინცდამაინც  წინ მიიწევდა, ფიქრმა – უკან დაბრუნდიო, ერთხელაც არ გაუელვა თავში: არც იყო ჩვეული უკან დახევას, რისთვისაც ხალხი ”გაუტეხელს” ეძახდა. მგზავრის ნაცნობებისათვის რომ გეკითხათ, მრავალს მაგალითს და შემთხვევას გეტყოდენ მოხუცის შეუდრეკლობისას, გაუტეხლობისას მტერთან თუ მხეცებთან  ბრძოლის დროს. მგზავრმა ეს კარგად იცოდა და იმიტომ  უფრო მაგრდებოდა, თითქოს სცხვენოდა სხვაფრივ მოქცევისა. ლაჩრულის ყოფაქცევით შეურაცხყოფა არ უნდოდა მიეყენებინა  იმ აზრისათვის, რაც ხალხსა ჰქონდა მგზავრის შესახებ.
   “ეჰ, დაბეჩავებულხარ, ჩემო თავო”, - ამბობდა მუხლის კვერებზე წამომჯდარი მგზავრი, თანაც შუბს აბჯენდა, რომელიც მარჯვენა ხელში ჰქონდა მაგრა დაბღუჯული: - “ვაჰ, დედასა მტრისასა. სიყმე აღარ არი, ოხერი, ჯეელობის ფილფო დაკარგულა; მაინც არ გასტყდე, ჩემო თავო!” სხვა გამამხნევებელი რომ არ მოიპოვებოდა, მგზავრი თავადვე ამხნევებდა თავის თავს.
   დაბრუნება ან კი როგორ შეეძლო? კაცი ხევისბერი იყო. დღეს ღვთისმშობელში უნდა გამოცხადდეს, იქ უთიოს ღამე და ხვალ თანამდებობის ასრულებას შეუდგეს. მთამ დაბრკოლება აღუმართა წინ. მაგრამ ამ დაბრკოლებას სძლევს და ღვთისმშობელში ამაღამ დიდ ცეცხლს გააჩაღებს, სხვა მლოცავებთან ერთად მამა-პაპის ჩვეულებას აასრულებს: ღამეს საჯარეში გაატარებს; ხვალ შობადღეა, მლოცავი მოვა ხატში, მოიტანენ ქადა-პურებს (ქადა და ხმიანდი), ბერიძემ უნდა დასჭრას, სამი წილი პატრონს მისცეს. მეოთხედი – ხატის მსახურს; მოიყვანენ საკლავებს, მოიტანენ კოშტ სანთელს, უნდა ხევისბერმა “ჩამოჰქნას” და მოანთოს, უნდა თვითეული მლოცავი “დაამწყალობნოს”, ე.ი. დალოცოს ლუდიანის თასის აპყრობით და წარმოსთქვას: “დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღესდღესინდელ რღულ-ქრისტიანთასა! დიდება შენდა, ღვთისმშობელო ჩარგლისაო, რასაც გულზე და მხარზე შენი მოსამსახურე ყმა გეხვეწებოდეს, იმ გულზე და მხარზე შაიხვეწიე, შენი უღური მოახმარე, შენი კაბის კალთა დააფარე” და სხვა და სხვა.
   როგორ შეიძლება, რომ ბერიძემ არ მოანთოს სანთლები ლუდიანს კოდებზე! იმან უნდა მისცეს ხალხს წესი და რიგი: როგო დარიგდეს პური, ქადის ნაჭრები, ხორცი, ლუდი; უნდა ხევისბერმა აღმართოს და და შეაჟღეროს დროშა. დიდს მიუტევებელს ცოდვას იზამს ბერიძე, თუ ყველა ეს წესი არ აასრულა წმინდად, უკლებლად. როცა დროშას დაინახავს ხალხი, როგორ აღტაცებულია, ცასა სწვდება ხალხის გრძნობის ტალღა, როგორც ელექტრონი, ისე გაურბენს დიდსა და პატარას ტანში სამღვთო ზეაღმტაცი ფიქრები ზოგნი პირქვე ემხობიან, ზოგი უნდა მივიდეს - ემთხვიოს დროშას, მაგრამ ეკრძალვის, არა სთვლის თავის ღირსად შაეხოს თავის უწმინდურის პირით ან ხელით.
   ყოველივე ეს საქმე იყო ბერიძის მიერ ასასრულებელი, ხევისბერს მოვალეობად ჰქონდა  ქედზე დაჭდეული; თუ ეს წესები არ ასრულდებოდა, უნდა წაწყმედილიყო ერი და იმასთან ერთად თვით ხევისბერი...

II

ხალხი ბერიძეზე იმასაც ამბობდა, როცა გაემართებოდა სალაშქროდა, წაუძღვებოდა წინ ლაშქარს ხელში დროშით ქისტეთის დასარბევად, ან სახლიდან ხატში წავიდოდა სამსახურის ასასრულებლად, - მუდამ ხევისბერს ცაში თავზე დაჰბრუნავს უზარმაზარი არწივიო და არც დაანებებს თავს, ვიდრე დანიშნულ  ალაგას არ მიაღწევსო.
   დღეს ბერიძის მფარველი არწივი ცაში აღარ სჩანდა, ციდან აღარ დაჰხაროდა ხალხისა და ხატის მოსამსახურეს, ერთულს, თავდადებულს; არწივი ციდან ჩამოფრენილიყო, უხილავად შესჯდომოდა მხრებში დაღლილ-დაქანცულ ხევისბერს და უადვილებდა განრისხებულ, გამწარებულ ბუნებასთან ბრძოლას. ბუნება ნამჩერს პირში აყრიდა მგზავრს, სუნთქვას უძნელებდა, სულს უხუთავდა. მაგრამ ის მაინც წინ მიიწევდა და თან ღვთისმშობელ დედას ევედრებოდა თავის გულში: “დედა ღვთისმშობელო, მიშველე და შესაძლებინე შენი სამსახურიო!”
   ღვთისმშობელმა დედამ თითქოს შეისმინა ბერიძის ვედრება. ქარი ცოტახნობით შეჩერდა. ჯერ არ დაღამებულიყო, ერთი საათი კიდევ იქნებოდა. ბერიძემ უღელტეხილს მიაღწია და გადიხედა მთის იქით; გამოჩნდა მისი სატრფიალო ღვთისმშობლის ხატი თავის ნანგრევებით, დარღვეულ ციხე-კოშკებით, დიდრონ დახავსებულ ლოდებით და ათასის წლის უზარმაზარი იფნის ხეებით დაჩრდილული. მგზავრმა თავისუფლად ამიოსუნთქა, დაკრუნჩხულ ხელებით თეთრი ტყავის  ქუდი მოიხადა და პირჯვარი გამოისახა, ექვსის ვერსის მანძილზე თავის სალოცავი მოიკითხა, სალამი მიართვა.
   ხატის მიდამოს ჰხედავს ბერიძე. იქ თვითეული გოჯი  მიწა ღვთისმშობლის საბძანებელია, მისი კვარცხლბეკი წმინდათაწმინდაა; ის დიდრონი იფნებიც თავით ბოლომდე სული წმინდით არიან გარემოცულნი. არვის შეუძლიან იმათ ხელი ან მახვილი შეახოს, - ერთი პატარა ტოტი მოსტეხოს; ვაი იმის ყოფნას, ვისაც გაუწყრება ღმერთი და ამას გაჰბედავს!... ქარმაც რომ მოსტეხოს ამ წმინდა ხეებს ტოტი, იქვე ადგილობრივ უნდა დალპეს, არავის შეუძლიან წაიღოს და შეშად მოიხმაროს. აი, როგორ ძლიერია ბერიძის სათაყვანებელი სალოცავი!.. ღვთით, იქნება მიაღწიოს ხატში და  არ უღალატოს თავის დანიშნულებას. აქამდის პირაღმა ჰქონდა სავალი ბერიძეს და თოვლი – საკვალი; ახლა პირთავქვე  დაეშვება და, ღვთით, სიარულიც გაუადვილდება, მაგრამ ის ფერდა.. ჰოო, გასავალი.. ვითომ რაო? იქნებ ზვავი გადმოსკდეს? ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა. რაც ღვთისმშობელსა ნებავს, ის უნდა მოჰხდეს. ბერიძემ ვაჟკაცურად გადააბოტა და გადაეშვა პირთავქვე.
   ქარი დროგამოშვებით კიდევ დაუბერავდა და ქედანივით ღუღუნით გაუვლიდა ყურებში; ნამქერი ახლა მგზავრისთვის საშიში არ იყო; აქამდის პირში ჰხვდებოდა, ვერაფერი დააკლო, ზურგში მიყრილი რას დააკლებდა?! ბერიძე უფრო გორ-გორის პირებს ეტანებოდა, ერიდებოდა დაბლობებს, მინამქრულ ადგილებს, სადაც თოვლში კაცი ყელამდე ჩავარდებოდა და რის ტანჯვა-წვალებით მოუნდებოდა თოვლიდან ამოსვლა. ბერიძე ადგილისა და ამინდის კვალად იყო ტანისამოსში აგმოწყობილი. ჩოხა-ახალოხი  დიდსა და განიერ შალვარში ჰქონდა ჩაყრილი, ანუ როგორც ფშავლები ამბობენ “შალვარში იყო ჩამჯდარი”, ფეხებზე ბანდულები (ხუჩები) ეცვა, რომ ფეხი კარგად მოეკიდებინა ყინულზე და არ დასხლეტოდა. თეთრი, მსხვილად ჩართული მატყლის საწვივეები – პაჭიჭები ეცვა. ხევისბერი მაინცდამაინც არ იყო თვალწარმტაცად მორთულ-მოკაზმული და მუდამაც ამგვარად ეახლებოდა ამ დროს “თავის ღვთისმშობელს”, მაგრამ ხატს, კარგა რატომ არ მოირთეო, თავის დღეში არ მოუმიზეზებია და არც დაურბევია. ბოლო დროს, ვიდრე მრისხანედ დაყუდებულს ფერდას გაეკიდებოდა, ღრმა ხევს მოეფარა. უკანასკნელად ქუდის წვერიღა ჩნდა, რომელიც მრისხანედ ფამფალებდა, თითქოს ქუდიც ვისმე ემუქრებოდა, თუ მხოლოდ პატრონის გულისთქმას გამოიტყოდა? ბერიძის ქუდის მოძრაობა ამას ამბობდა: “ჩემს პატრონს ჯერ გული არ გასტეხია და არც გაუტყდება; რაც სანატრელი დაუსახავს, მუდამ იმ სანატრელისაკენ მიიწევს, ყოველგვარ დაბრკოლებას დაამხობს და გადაჰლახავს. თუ ეს ვერ მოახერხა, ერთი საშუალებაა მუდამ ბერიძის ხელთ: - უძლეველი დაბრკოლება დაიდოს ლოგინად და ზედ თავად დაიძინოს საუკუნოდ”.

 

III

   მეორე დღეს, შობას, ხალხი შეგროვილიყო ხატში და მწუხარე სახით და ზოგი მათგანი თვალცრემლიანი გასცქეროდა იმ ფერდას, რომელზეც ბერიძეს უნდა გამოევლო. ზვავი მოხეთქილიყო; მოსული კაცის კვალიც შთაინთქა  ზვავში. “უეჭველია, დაიღუპა ხევისბერი, ის ბეჩავი. იმას რა დააყენებდა მოუსვლელს, თუ ერთი რამ არ იყოს იმის თავსა”- ამბობდა ხალხი, ხოლო ოცამდე კაცი ფერდას ქვეით ხევში დადიოდენ ზვავზე, ეჭირათ გრძელი ჯოხები და მაღლიდან სჩხვლეტდენ, რომ ეპოვნათ “ზვავისაგან ჩამოგდებული ადამიანი”. ის ბებერი, უზარმაზარი არწივიც თავს დასტრიალებდა იმ ხეობას, სადაც ხალხი ეძებდა დაკარგულ ბერიძის გვამს.

1911 წ.