კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა
“გამარჯვებაო”.
რამდენჯერმე
ვუთხარ დიდს,
საზარელს
კლდეს, მაგრამ
ყური არ მიგდო,
იდგა
თავისთვის
დინჯად,
ყურსაც არ
იბღერტდა,
თითქოს ბუზიც
არ
აჰფრენოდეს.
- ხომ არ
გეძინა,
შავ-კლდეო,
ბოღმა-ნაღველით
შედედებულო,
უბედურო,
უდაბურო,
გულღრძუვო! –
გავუმეორე
კვალად, - კაცი
ვარ, სალამს
გაძლევ, რატომ
ბოდიშს არ
იხდი?..
- ბოდიში? -
სთქვა კლდემ
და
შუბლშეკრულმა
გადმომხედა
მაღლიდან, -
რას ეძახით
კაცნი ბოდიშს?..
ჰო, ვიცი, ვიცი...
ერთმანეთს
სულ მუდამ დღე
გამარჯვებას
ეუბნებით
ენით, ხოლო
საქმით
ერთურთის
დაღუპვაზე
სდგეხართ.
კლდე იმით
არის კლდე, რომ
ენას არ
ალაკლაკებს
წაღმა-უკუღმა.
როგორ
გაგეხარდებოდა,
როგორ
მადლობელი
იქნებოდი,
როგორ
ქება-დიდებით
მომიხსენებდი,
შენს
“გამარჯვებაზე”
გაგიმარჯოს,
შენ
გენაცვალე,
შენი ჭირიმე,
თავს
შემოგევლეო,
რომ მეთქვა,
არა? უმეცარო!
არ გესმის,
გამოუცდელი
ხარ, ჯერ ბევრი
რამ გაკლია,
ბევრისაგან
ბევრი...
- ჩვენ კაცნი
ამას
ზრდილობას
ვეძახით.
ბოდიშის
მოხდა ვალად
გვძე
ადამიანის
შვილთა.
- ჰმ, ჰმ, ჰმ! -
გაიღიმა
უგემურად,-უზრდელთ
ვინ მოგცათ
ზრდილობა?!
ერთმანერთს
სჭამთ,
ერთმანერთსა
ჰჟლეტთ. ვითომ
კლდე ბრიყვია,
არ იცისო,
გგონიათ? ვიცი,
ყრმაო, ვიცი!
დიდი ხანია
აქედან
დავყურებ
ქვეყანას...
რაც იქ სისხლი
და ცრემლი
დაღვრილა და
იღვრება, აქ
ჩემს გულში
გუბდება, აქა
გროვდება.
ბუნებაში
ჩემზე უშნო
ერთი
ქმნილებაც არ
გგონიათ. მთას
რომ უცქერით
კაცნი, მე
მუდამ თვალს
გადამაცილებთ
თავზე, რათა
ჰპოვოთ რამ
სხვა
თვალისათვის
საამური –
ყვავილი,
ბალახი და
სხვა. უნდა
გაიცნოთ ჩემი
გული, უნდა
ჩაიხედოთ შიგ,
იქნება მაშინ
აღარ
გეუშნოვოთ,
აღარ
შემიჯავროთ.
თუ ვინმე
სასოებამიხდილი,
თავმობეზრებული
დამადგება
თავსა და
ამბობს:
აქედან უნდა
გადავვარდე,
რომ მოვრჩე
ტანჯვას,
მოვისპო
სიცოცხლეო, -
თვალებსწინ
საზარელს
სურათს
დავუყენებ
სიკვდილისას,
ვაგრძნობინებ
– ნუო; დაიშლის –
ხომ კარგი, არა
და – ჩემს
კალთაზე
სიკვდილს
ჰპოვებს. იმის
სულის
დალევის წამი
გულში
ჩამეწვეთება
და ტანჯვად
მექცევა.
დიდის
ტანჯვის
მტვირთველი
ვარ, იმიტომ
მუდამ მუნჯი,
მუდამ
პირქუში
ვდგევარ, არ
არის ჩემთვის
მოსვენება, არ
ვიცი, ლხინი
რასა ჰქვიან.
არა ვარ
უმადლო. ნუ, ნუ
სცოდებთ
ღმერთსა, ნუ
მიკიჟინებთ
უდაბურ-უბედურებას,
ნუ დამწამებთ
გულღრძუვობას.
- ახ, რა
კარგად
ლაპარაკობ;
რომ
ჩამოხვიდოდე
სოფლად და
კაცთა შორის
დაიწყებდე
საუბარს, რა
დიდს მადლს
იზამდი! მერე,
როგორ უჭირს
ქვეყანას
კარგი
მთქმელი,
კარგი
ჩამგონებელი!..
კაცი კაცს არ
უჯერებს,
კარგსაც რომ
ეუბნებოდეს-
ესეც წესია
ერთნაირი
ბუნებისა,
მაგრამ როცა
დაინახავდენ
– კლდე
ლაპარაკობსო,
მთლად სმენად
გადაიქცეოდენ
ადამიანის
შვილნი; შენ
შეგეძლო
ანგელოზებად
გარდაგექმნა
კაცნი. მე
მრწამს ესა:
იოტის ოდნად
არ ვეჭვობ, რომ
წინააღმდეგი
რამ მოხდეს, თუ
გაჰბედავ და
იქაც ეგრე
აუქჩარებლად,
დინჯად,
მოხდენით
ისაუბრებ.
- კიდევ არ
იცი,
გამოუცდელი
ხარ და იმიტომ.
ძალიან ცოტა
ხნის
გამარჯვება
მექნებოდა,
ბოლოს, ისევ
ცილისწამება,
მეძავობა,
შური იჩენს
თავს. იტყვიან:
“მოჩვენებაა,
კლდეს როგორ
შეუძლიან ჯერ
საუბარი და
მერე ეგრე
ჩაგონებით,
ადამიანივითო!
ეშმაკის
მანქანება
რამ უნდა
იყოსო”- და
მორჩა... მერე
წერაქვი,
ლაღუმი,
ამტვრიეთ
კლდე, ვისაც
რად
გესაჭიროებათ:
ჩაყარეთ ლიბო
სახლისა,
ააშენეთ
კედლები,
დააგეთ
ფილაქანი,
გათალეთ
საფლავის
ქვები. არ
იქნება ასე?
იფიქრე,
კარგად
იფიქრე!.. ეგრე
რომ არ იყოს,
ეგ ზნე რომ არ
ვიცოდე
კაცისა,
დღესვე მთელი
ქვეყნის
თვალწინ
გავფენდი, რაც
კაცობრიობას
ცოდვა
ჩაუდენია, რაც
შეცდომა
მოჰსვლია, რაც
საცოდაობა
დატრიალებულა
დედამიწის
ზურგზე,
მაგრამ ამაო
შრომა იქნება:
კაცმა უნდა
სცოდოს, კიდევ
შეცდომა
ჩაიდინოს, რომ
მერე ინანოს,
შემდეგ ისევ
ეცადოს,
შეცდომა
გაასწოროს.
ესაა მისი
სიცოცხლე.
დიაღ,
დავანახვებდი
ყველა მის
გონების,
გრძნობის
უსუსურობას,
ამას რომ არ
ვხედავდე და
მეც
დავიფუშებოდი.
აღარ მინდოდა
მას შემდეგ
სიცოცხლე,
აღარც იყო
ჩემი ყოფნა
საჭირო..
გულდამშვიდებით,
ბედნიერად
დავხუჭავდი
თვალს და
მოვისვენებდი.
- ააახ! როგორ
გულით
მონდომებული
ვარ
ადგილიდან
დაიძრა,
გახვიდე
ხალხში და
იქადაგო! რა
მშვენიერი
სურათი
დამიდგებოდა
თვალწინ:
აუარებელი
ხალხი და მათ
შუაში
ჩამდგარი შენ,
კლდე,
ჰქადაგებდე
ეგრე
მედიდურად,
წარბშეუხრელად,
მოურიდებლად,
უკრძალავად.
ჩვენ, როცა
კაცის
ხასიათის
სიმტკიცე
გვინდა
გამოვსახოთ,
ვამბობთ:
კლდეა, სწორედ
კლდეაო. და
ახლა ის
წარმოიდგინე,
თვით კლდე
ესაუბრებოდეს
ქვეყანას...
მაშინ რა
იქნება? ნუთუ
სასწაულს არ
მოახდენდი?
მაგრამ არა,
ჰზარობ,
გეძნელება
ადგილიდან
დაძვრა,
შეჩვეული ხარ
ერთ ადგილს
დგომას, არ
გეხერხება
განძრევა.
გეშინიან, რომ
გავინძრე,
გავჩუჩუნდე,
სულერთიანად
დავიფუშებიო.
- მე რას
ვიტყვი ისეთს,
შენც არ
შეგეძლოს
იმისი თქმა?
- რისა,
მაგალითად?
- მხოლოდ
სამი
სიტყვისა:
გიყვარდეთ
კაცნო,
ერთმანერთი!
შენ გგონია,
საკვირველს,
ახალს რასმე
გასწავლი და
ან ვასწავლი
ქვეყანას?
ხოლო ამ
სიტყვებს
განსაკუთრებული
ყურადღება
უნდა მიექცეს,
შინა და კარში
ეს ხმა უნდა
ისმოდეს,
პირველი
მცნება ეს
უნდა იყოს,
დედა ამას
უნდა
ჩასჩიჩინებდეს
შვილს
აკვანში, ისე
გამუდმებით,
რომ ეს
ჩაძახილი
ვეღარა გზით
ვერ
ამოიშალოს
ადამიანის
გულიდან,
როგორც ჩემს
მკერდზე
ვერაფერი
ამოჰშლის
წყალთა და
ზვავთა
ნაკვალევს.
ანუ, უკედ რომ
ვსთქვათ, ის
პატარა ბუშტი
ლეშისა,
რომელსაც
თქვენ გულს
ეძახით, იქცეს
ერთ, მხოლოდ
ერთ სიტყვად –
გიყვარდეს.
სთქვა ეს და
სდუმდა. დაბლა
ხევებიდან
მოაწვა შავი
კუპრივით
ნისლები და
კლდე სრულიად
დაფარა. ბევრი
ვეძახე, ბევრი
ვემუდარე,
კიდევ ხმა
გაეცა კდლეს
ჩემთვის,
მაგრამ ამაოდ,
ხმას აღარ
იღებდა, ჩემს
ხვეწნა –
მუდარას ყური
აღარ უგდო.
დაიწყო
მთიდან ცივმა
ქარმა ქროლა,
ცივს ჟინჟლს
წვიმისას
პირზე
მაშლიდა და
ჩემს
ცრემლებს
უერთებდა...
მერე კიდევ
მოვდივარ
ხშირად
კლდესთან იმ
იმედით, რომ
გამოვესაუბრო,
მაგრამ ამაოდ.
დიაღ, ამაოდ,
აღარ იღებს
ხმას და აღარც
მეჩვენება.
გადიცვამს
ტანზე
ჯავშნად შავს
ჯანღს და
მემალება....
1898 წ.