კრიტიკა ბ.იპ. ვართაგავასი

კარგა ხანია, რა ბ.იპ. ვართაგავა ჟურნალ “განათლებაში”-ში ჰბეჭდავს ჩემი ნაწერების შესახებ კრიტიკულ წერილებს ამ სათაურით: “მთის შვილის ვაჟას სიმღერა”. ვინც “განათლებას” კითხულობს, უეჭველია ამ წერილებსაც წაიკითხავდა, მაშასადამე ამ წერილების ღირსება ნაკლულოვანებს  თვით მკითხველს ეცოდინება და ჩვენი განმარტება იმისთვის საჭირო არ არის. კრიტიკის კრიტიკა ანუ, როგორც იტყვიან კრიტიკის დაწერას არ განმიძრახავს; ეს წერილი გამოიწვია სრულიად სხვა გარემოებამ: სახელდობრ ამ წლი აპრილის ნომერში მოთავსებულმა ბ.ვართაგავას წერილმა ზემო აღნიშნულ საგანზე. “განათლებაში” კრიტიკულ წერილების ავტორი არჩევს პოემებს - “სტუმარ-მასპინძელს” და “გველის მჭამელს”, თანაც ისეთ კითხვებს გვიყენებს, რაზედაც ჩემს მიერ პასუხის გაუცემლობა ყოვლად შეუძლებელია.
   რა კითხვებია ეს კითხვები?
   ბ. ვართაგავას ძალიან გულით უნდა აგიგოს ამ პოემებში რა ეკუთვნის ხალხს და რა მე, როგორც ავტორს. სურვილი საფუძვლიანია და ღირსი დაკმაყოფილებისა. ამ სურვილს კრიტიკოსისას მე ვაკმაყოფილებ, თუმცა ეს მეტ შრომად მიმაჩნია და თანაც მწყინს, ბ.ვართაგავამ, თუ მას კარგი კრიტიკული ალღო აქვს, უნდა ჩემ დაუხმარებლად გაიგოს რაა ამ ნაწარმოებში ხალხური და რა ინდივიდუალური; უნდა ყველამ კარგად იცოდეს, ხალხის თქმულება, რაც უნდა იგი მდიდარი შინაარსისა იყოს, აზრიანი და ხელოვნური, თუ პოეტმა იგი არ გარდაქმნა, საკუთარ სულიერ ქურაში არ გადაადნო, არ გადაადუღა, მასალიდან ახალი რამ არ შექმნა და დაწერა ისე, როგორც ხალხი ამბოს, არაფერი გამოვა, ერის გულში ამისთანა ნაწარმოები ბინას ვერ იპოვნის, იქ ვერ დაისადგურებს და ვერც ხელოოვნურ ნაწარმოებად ჩაითვლება.
   ამის მაგალითები მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ბევრია. ყოველი დიდებული საკაცობრიო ნაწარმოები შექსპირისა, გიოტესი, ხალხურ თქმულებებზეა აშენებული სწორედ ისე, როგორც ზევით მოგახსენეთ, როგორც ასამ ჩვეულან რჩეულნი ამა ქვეყნისანი დიდი ნიჭის პატრონი მწერლები. ავტორი “ფაუსტის” დაწერა ვერავინ შესძლო, რადგან საკუთარმა სულიერმა ქურამ სხვა  მწერალთა ვერ შეძლო გადადუღება ხალხისაგან მოცემულის მასალისა და მის საკუთრებად გარდაქმნა.
   ისევე დაემართათ შექსპირის “ჰამლეტს”, “მეფე ლირს”, “რომეო და ჯულიეტას” და სხვა.
   ესევე ითქმის დიდებულს შოთაზე და მის “ვეფხისტყაოსანზე”.
   -მე, თქვენი უმორჩილესი მონა, რა სახსენებელი ვარ გოლიათებთან, მაგრამ ეს გარემოება მაძლევს უფლებას ჩემი თავიც იმათთან ერთად ვახსენო – ეს გახლავთ მსგავსება ქმნისა, შემოქმედებისა. დიაღ, კატა თუმც ვეფხვი არაა, მაგრამ სხვა ცხოველბზე მეტად ვეფხვს უფრო ის ჰგავს.
   რა მაქვს დასამალი და დასაფარი – არაფერი. “სტუმარ-მასპინძლის” და “გველის მჭამელის” ვინაობას კი არა, მთელ ჩემ ნაწარმოებს გავაცნობ მკითხველებს და ვეტყვი რაა იქ ხალხური და რაა ჩემი საკუთარი, ნაყოფი ჩემის გონებისა და გრძნობისა, ამით რა თქმა უნდა, ბ.ვართაგავაც დაკმაყოფილდება და შთამოებასაც აღარაფერი ექნება ერთს მეორესთან საკინკლაო, როგორც ამ კინკლაობას ჩვენში დღეს “ვეფხისტყაოსანი” იწვევს. თუ რასმე ვიცრუებ, თანამედროვენი დამიგმობენ ამ სიცრუეს. ფშავ-ხევსურეთში და სრულიად საქართველოში მარტო მე ხომ არა ვარ წერა-კითხვის მცოდნე. მარტო მე ხომ არ ვტრიალებ ხალხში და მარტო მე ხომ არ ვაგროვებ ძველისძველ ამბებს.
   ჩემი შემოქმედების ისტორიის დაწერა ადვილია, ხოლო ვაი თუ ამ განმარტებამ ავნოს ჩემს ნაწარმოებებს. ამით ვაწყენინებ თვით მკითხველს, რომელსაც ფანტაზიის წყალობით შექმნილი ტიპები ნამდვილ ყოფილ ადამიანებად ჰყავს წამრმოდგენილი. საწყინო, რა თქმა უნდა, აქ არაფერია, რადგან საღი ფანტაზია ისეთს არაფერს შეჰქმნის, სინამდვილეს არ ეთანხმებოდეს, არ შაეფერებოდეს.
   ამასთანავე ისიც უნდა ვსთქვა, ბევრი ამბავი და ზღაპარი, მე შევქმენ და იოტის ოდენი იმათში ხალხის თქმულებისა არაფერი ურევია, თუმცა ფრჩხილებში ვსვამდი “ძველისძველი ამბავიო”, “ზღაპარიო”, “თქმულებაო”, იმ მოსაზრებით, დაბეჭდვის დროს დაბრკოლება არა ჰქონიყო. ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულად უნდა ჩაითვალოს იმდენადვე, რამდენადაც ხალხური თქმულების მითვისება. როგორც ამის უფლება არა აქვს არავის, ისე – თავსი ფანტაზიის ნაცოდვილარის ხალხისათვის მისაკუთრება, ხალხურ ამბად გასაღება.
   ამ ნაკლს გავასწორებ მხოლოდ მაშინ, როცა დაიწყება ჩემის აწერების ცალკე წიგნებად გამოცემა, - მაშინ აღვნიშნავ რომელია ძველ ამბად მონათლული. ერთი რამ უნდა აღვნიშნო. ამის თქმა ფრიად საჭიროდ მიმაჩნია, რადგან ამ ნათქვამმა ჩემ კრიტიკოსებს შეიძლება გაუადვილოს გზა კვლევა ძიებისა და შეაგნებინოს ჭეშმარიტი შემოქმედების თვისება, ვითარება, როგორც კერძოდ ჩემი, ისე საზოგადოდ. ჩემი პოემები თითქმის ყველა სულ ხალხურ თქმულებებზე, ძველ ამბებზე არიან დაფუძნებულნი, თვითოეული მათგანი სხვა და სხვანაირად, ზოგი ცოტად თუ ბევრად უახლოვდება დედანს, სხვა სრულიად დაშორებულია მაზეთ, ე.ი. ზოგი ნაწარმოების არაკი ძალიან თავისებურად არის შემუშავებული და ზოგი ნაკლებად შემუშავებული, ნაკლებად თავისებურია, და, წარმოიდგინეთ, ნაკლებად სახელოვანიც. დიდი სახელი მხოლოდ მეტად თავისებურად შემუშავებულმა ამბებმა მოიპოვეს საზოგადოებაში. ამ პოემის ჯგუფს ეკუთვნის “სტუმარ-მასპინძელი” და “გველის მჭამელი”.

II

მაშ დავიწყოთ მათი შესწავლა ისე, როგორც გვთხოვს ბ.ვართაგავა. “სტუმარ-მასპინძელი”, მაგალითად, არის აშენებული შემდეგ ამბავზე: ზვიადაური ხევსური შემთხვევით ჩაუვარდა ქისტებს ხელში. რა შემთხვევით ეს მე არ გამიგონია, მაშასადამე ჯოყოლას შეხვედრა და მის მიერ ზვიადაურისა შინ მიპატიჟება და შეპყრობა ეს ავტორის საკუთრებაა. ქისტებს, მოგვითხროს ძველი ამბავი, ჰყავთ აახლი მკვდარი ვიღაცა ხევსურისაგან მოკლული. თანახმად ჩვეულებისა, საჭიროა სისხლის აღება. თვით მიცვალებული თხოულობს ამას და რათა დააკმაყოფილონ იგი, დააშოშმინონ გარდაცვალებული თანამოძმის აღტყინებული გრძნობა შურისძიებისა, ქისტები ჰკლავენ  ზვიადაურს დარლას) ამბით ქისტის სახელი არ გამიგონია) საფლავზე. ამ დაკვლის დროს დიდი ვაჟკაცობა და გულადობა  გამოიჩინა ხევსურმა ზვიადაურმა. რაში გამოიხატება ეს ვაჟკაცობა? ვაჟკაცობა ზვიადაურისა იქიდანა სჩანს, რომ ის არ დალაჩრდა, თუმც ხანჯლის წვერით ყელში სჩხვლეტენ ქისტის საფლავზე ხარივით წამოქცეულს სამსხვერპლო ზვიადაურს და როცა ქისტები იტყოდნენ: - იყავ საიქიოს მოან-მოსამსახურე დარლასი, უზიდე წყალი, გაუბანე ჯღანი, რაც სამსახური მოითხოვს შენგან თავგამოდებით, ერთგულად აუსრულო, - ეს უკანასკნელი ვიდრე სულს დაჰლევდა ხრიალებდა ყელში: “ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადაო”. რომ შეშინებულიყო ზვიადაური ამ სიტყვებს ვეღარ იტყოდა და მაშინ შეწირული იქნებოდა, გახდებოდა ქისტის მონა საიქიოს, მაგრამ რადგან იგი უკანასკნელ ამოქშენამდე არ შედრკა, არ გატყდა, არ მოიხარა ქედი წინაშე მტერბისა და სიკვდილისა, იგი დარჩა თავისუფალ ხევსურად, ვაჟკაცად, ხოლო დარლა გაწბილებული, დაუკმაყოფილებელი. აი მთელი ამბავი, რომელზედაც მე ავაშენე “სტუმარ-მასპინძელი”. მაშასადამე, ჯოყოლა, აღაზა და ამ უკანასკნელის გლოვა ზვიადაურისა, აგრეთვე გალაშქრება ხევსურებისა ზვიადაურის ნეშტის გადმოსასვენებლად და სხვა, ყველა ეს ავტორის ბრალია, მის ფანტაზიის ნაცოდვილარი.
   “გველის მჭამელის” არაკი, რაც მე გავიგონე და რაზედაც ავაშენე მთელი პოემა, შემდეგია: ხევსური მინდია ჩაუვარდა ტყვედ ქაჯებს; მათ შორის ცხოვრებამ იქამდის დააღონა მინდია, თავსი მოსაკვლელად გველის ხორცი  სჭამა, როლითაც ქაჯები იკვებებოდნენ, გველის ჭამამ სრულიად სხვა ნაყოფი გამოიღო: მინდია ბრძენ კაცად გადაიქცა; მის სიბრძნე, ხალხური თქმულებით, სჩანს მცენარეების ცნობაში, თუ რომელი მცენარე რა სატკივარის წამალია, რადგან ყველა მცენარე თავად იძახის, რის წამალიც არის და მინდიამაც ამ მცენარეთა  ენა კარგად იცის. შედეგი ამ ცოდნისა არის მინდიას გაექიმებს. მისი წამალი უებარია. ბალხურ თქმულება ამას იქით რა გადის, მაშასადამე მინდიას დაცოლშვილება, ცოლთან ბაასი, ხორცის უჭმელობა, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, მხედართავრული ნიჭი გველის მჭამელისა, ჩიტების ენის ცოდნა, ხალხურ თქმულებას არ ეკთვნის. ამბავი მინდიას სულის არავითარ დარმატიულს განცდას არ წარმოგვიდგენს ხალხის თქმით ბ.ვართაგავას ვერ გაუგია, ვერ მიმხვდარა “სტუმარ-მასპინძელში” და “გველის მჭამელში” რაა ხალხური და რაა ავტორისაგან შექმნილი და ამის გამო ამ ორმა ნაწარმოებმა მოიტანა ქვეშ კრიტიკოსი და დღესნამდე ვერ ამდგარა ფეხზე. იქნებ ამ ჩემმა განმარტებამ შეაძლებინოს ფეხზე დადგომა და ღირსეულად მათი დაფასება. მას ძალიან გულით უნდა გაიგოს, როგორი წესი მაქვს წერისა, - ერთბაშად ვსწერ თუ რამდენჯერმე გადავსწერ ერთხელ დაწერილს, რაც ხშირად შესწორებას მოსდევს. უნდა მოგახსენოთ, ძალიან დიდ ნაკლადაც რომ ჩამეთვალოს არც ჩემი ნაწარმოები ერთხელის მეტად არ გადამიწერია შავად დაწერილიდან. და ნაკლებად მქონია შემთხვევა დაწერილი ადგილები შემესწორებინოს. ყველა ჩემი ნაწერები, გარდა “შვლის ნუკრის ნაამბობისა”, “მოხუცის ნათქვამისა”, და “დარეჯანისა”, იმ წელს არიან დაწერილნი და რა წელსაც იბეჭდებოდენ, ხოლო პირველი ორი მეოთხე წელს დაიბეჭდა და მესამე მოთხრობა “დარეჯანი” მესამე წელს, დღიდან დაწერისა. წერის დროს ზოგიერთს ნაწარმოებს რამდენიმე ხნით შეუყენებივართ, ცოტა რამეს ერთ ან ორ ტაეპს, ზოგისას დასასრულს. “სტუმარ-მასპინძელში”, მაგალითად იმ ადგილმა, როცა ქმარი ჯოყოლა ჰკითხავს ცოლს, აღაზას, ნამტირალევი რადა ხარო, ამის გამო ცოლ-ქმარის ბაასმა მთელი ორი თვე შეაჩერა. ნამეტნავად იმ ადგილმა გამოიწვია ჩემში სულიერი რყევა, თუ რა პასუხი უნდა მიეცა ჯოყოლას ცოლისათვის, როგორ შეჰხვედრილიყო აღაზას სიტყვებს, როცა იგი ეუბნებოდა ზვიადაურზე: “ცრემლები შემიწირია იმ შენი მეგობრისთვისაო”. “გველის მჭამელის” დასასრულმაც ერთ თვემდე ყოყმანში ჩამაგდო.

III

“ალუდა ქეთელაური”, რომელიც აგრეთვე აგრე ძალიან მოსწონს ბ.ვართაგავას, არსი აშენებული სრულიად უბრალო მარტივს ამბავზე, უბრალო შემთხვევაზე. ალუდა ქეთელაურს ქისტებმა ცხენი მოჰპარეს. ქურდებს მდევრად გამოუდგა, ერთს მათგანს თოფით მოჰკლავს, ხოლო მოკლულის ამხანაგი ვაჟკაცურად დაუხვდება, თუმცა ეგეც მსხვერპლი ხდება ალუდასი, მაგრამ მოჰხიბლავს მას თავის ვაჟკაცობით და როცა ჩამოვარდება საუბარი მუცალის მოკვლაზე ხანდახან შესანდობარს დაჰლევს ალუდა ქისტისას – ლუდს და არაყს. მარჯვენის მოჭრა-მოუჭრელობაზე ზეპირ გამოცემა არფერს გვეუბნება. ბალხური თქმულებისა მთელი თავი და ბოლო ეს არი.
   პოემა “ბახტრიონი” არის არის დაფუძნებული იმ ძველს გადმოცემაზე, რომელიც მოგვითხრობს, რომ მთელი პანკისის ხეობა და მატან-მარლისის ადგილების ნახევარი ფშაველ-ხევსურებისათვის არის ნაჩუქარი მეფისაგან, რადგან ბახტრიონის აღებით საქართველოს დიდი სამსახური გაუწიესო. ბელში კალამი ამაღებინა, აგრეთვე, ბახრიონის გმირებზე ნათქვამმა სახალხო ლექსებმა:

“ბიჭი ვარ გოგოლაური (ფშაველი),
   რას მყურობ ტალავარზედა?!
   წინ-წინ მე გადავფრინდები
   ბახტრიონს გალავანზედა;
   ხმლითა ვცემ თათრის ბელადსა,
   ზედ მივალ ფალავანზედა”.
   ხმალს ჰზვერავს (სინჯავს, ათვალიერებს)
   გაფრინდაული (თუში ზეზვა),
   თათრები ვხოცე ამითა,
   დიდი ალვანის მინდორი
   ავასე თათრის ძვალითა.
   მგელსა დავცვითე კბილები
   ტურას ლოყები ჭამითა.”
   “ზეზვა რა სანახახავია,
   თათრებო, თქვენის ხელითა?!
   ზეზვა გენახათ მაშინა,
   როცა მოგდევდათ ცხენითა,
   მოგდევდათ, მოგაწუხებდათ,
   მოგჩხვლეკდათ შუბის წვერითა”.
   “პანკისს იყრება ლაშქარი,
   ბელადსა ღონდებიანო,
   ზეზვაო გაფრინდაულო,
   ლურჯას შენ გიქებდიანო.
   დავრობენ თუში-შვილები,
   ბევსურნი არ გვინდიანო.
   -მაგას რად იტყვით, თუშებო,
   ომი ჩვენც ქვე გვწადიანო.
   წინ თუშნი, უკვენ ხევსურნი,
   ფშაველნ ნელ-ნელა დიანო…
   ფშაველნი, უკვენ ხევსურნი
   ბახრიონს გადადიანო:
   დალიეს თათრის ლაშქარი,
   თავებს უკვენა ჰყრიანო.
   მეორე ილა გათენდა,
   თუშებიც ჩამოდიანო.
   სად ეყარენით, თუშებო,
   სადიაცენო თმიანო?!”

ეს ლექსები ფშავშია გაგონილი და როგორც კილო ამტკიცებს ფშაურ ნიადაგზეა ამოცენებული და ადვილად შესაძლებელია, ფშავებს თავისი თავი თუშებზე და ხევსურებზე სახელოვნად  ჰყვანდეს დასურათებული. ჩემთვის მარტო ის ფაქტი კმაროდა, რომ მთის ხალხი, სხვადასხვა თემები, რომელნიც ხანდახან ერთმანეთსაც კი ჰლაშქრავდნენ, არ ინდობდენ, ამ ჟამად შაერთდენ, ერთ სულოვანება გამოიჩინეს  და ძმურად მიეშველნენ ბარს გაჭირვების დღეს. განახორციელეს თხოვნა-მუდარა, იმავე ხალხური ლექსისა:

“თუშნო, ფშაველნო, ხევსურნო,
   ლაშქარი გავაზიაროთ;
   ერთმანეთს მხარი ვუჭიროთ
   მტერი კი დავაზიანოთ” – ო.

გამიგონია, აგრეთვე, ამბად ისიც, ვითომ ფშავში თათრებთან ბრძოლაში თითქმის სულ გაჟლეტილიყვნენ მამაკაცები და ხატში, სალოცავში დედაკაცებს მოენთოთ სანთელი, ხოლო როდის მოხდა ეს ამბავი ზეპირ-გადმოცემა არ აღნიშნავს იმ ხანას. მთელი მასალა, რითაც მე ავაშენე ბახტრიონი, ეს გახლავთ.
   ჩემზე ეს ზემორე აღნიშნული ხალხური ლექს-თქმულებანი მოქმედობდა განსაკუთრებით “ბახტრიონის” და არა რომელიმე მწიგნობრული ამბები.
   “გოგოთური და აფშინა” ძველის ამბის ღირმსებას მოკლებულია თითქმის სრულიად. ეს გოგოთური, პოემის გმირი სცოცხლობდა მე-19 საუკ. პირველ ხანში, ცხოვრობდა ს.ყოფჩაში. ყოფილა გოგოთური ფრიად ახოვანის ტანისა, ლამაზის სახისა და დიდი ჯანის პატრონი, მაგრამ მშვიდი და ლმობიერი. თუ არ გაუჭირდებოლდა ძალიან, იგი ღონის გამოჩენას საჭიროდ არა სთვლიდა. იყო მოანდირე და ომში ყოფილა თუ არა თავის სიცოცხლეში, ეს არ ვიცით. იმის მოატნილი ბრტყელი, საფლავის ქვის მსგავსი ლოდი დღესაცა გდია კოპალის სალოცავთან და ისეთი მძიმეა, ორ კაცს გაუჭირდება ამ ქვის გადაბრუნება. ჩემს ჯეილობაში მეც ბევრჯელ ვეჯაჯგურებოდი ამ გოგოთურის მოტანილს ქვას და ვცდილობდი, გოგოთურზე მეტი ღონე გამომეჩინა. ეს ცდა, სარაკვირველია, ამაო იყო.
   არავითარი შეტაკება გოგოთურს ხევსურ აფშინასთან არ მოჰსვლია, ჰქონდა მას ერთი შემთხვევა, როგორც ზეპირგადმოცემით გამიგია, ხევსურებთან შეჯახებისა: გოგოთურმა ქურდობაში დაიჭირა ორი ხევსური. ორივე შეკონა და მოიყვანა თავის სახლში. ცოლს დაუძახა: ცეცხლზე წყალი შედგი და ძაღლების სალაფავი გააკეთეო. ამის გამო ლაპარაკიც კი მოუვა ცოლთან. ბოლოს ცოლი აასრულებს გოგოთურის ბრძანებას – წყალს გააცხელებს და შიგ ქატოს ჩაჰყრის. გოგოთური ამ სანოვაგეს ჩაასხამს ძაღლის გეჯაში, წინ დაუდგამს ხევსურებს და ეტყვის: “ცქლიფეთ ეს ძაღლის სალაფავი, რადგან თქვენ ამის ღირსები ხართო!”. ხალხური თქმულება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, გოგოთურს ეჯავრება საშინლად ავაზაკობა, ქურდობა, სხვის დაჩაგვრაო. ეს არის მხოლოდ ხალხის ნათქვამი და აქედან დაიბადა ის “გოგოთური და აფშინა”, რომელსაც თქვენ ჰხედავთ და ჰკითხულობთ წიგნებში.
   ხევსურების მდგომარეობამ შეჰქმნა კომბიანცია აფშინას სახით, ერთის კაცისაგან ორი კაცის შეპყრობა და შეკონვა ადვილი არ არის. მაინცა და მაინც ამან გამოიწვია ჩემს ოცნებაში ის სურათი,  როცა გოგოთური მთელ იარაღს აფშინას აბარებს, აძლევს და შემდეგ უიარაღო იარაღით დატვირთულს აფშინას მთლად გაატიტვლებს. სასჯელი დანაშაულისათვის ნამდვილი გოგოთურისა, რაც მან ქურდ ხევსურებს მიუსაჯა, თავისებურია, დამაფიქრებელი და შემარცხვენელი, გამასწორებელი, სინანულის ამღძრავი - ვფიქრობთ, ამგვარის სასჯელის შემდეგ ქურდმა აღარ უნდა გაბედოს ქურდობა. გოგოთური ხევსურებს არა სცემს, თუმც ესეც შეუძლიან, რადგან ხევსურები იმის ხელში არიან, არცა ჰლანძღავს, მხოლოდ ეუბნება, თქვენ, ქურდებო, ღირსი ხართ, როგორც სხვის ოფლის მჭამელნი, სხვის ქონების მიმთვისებელნი, ძაღლის სალაფავს სჭამდედო. ამ საშუალებამ დაბადა ჩემში აფშინას სინანული, ლოგინად ჩავარდნა, ხევისბერად შედგომა და სამუდამოდ ქურდობაზე ხელის აღება მას შემდეგ, რაც მას გოგოთურმა იარაღი აჰყარა. ეხალ თქვენ გაავლეთ თვალის ხაზი, განმარტეთ და დაასკვენით, თუ შემოქმედება როგორ აკოწიწებს თავის ბუდეს, რა ჩხირკედელობას ეწევა.
   თუ რა პირადმა განცდამ, რა შემთხვევამ დამაწერინა გოგოთური და აფშინა. ან ვინა მყავს გოგოთურად, ვინ აფშინად დახატული, ეგ ჩემი საიდუმლოებაა და საფლავში თან ჩავიყოლებ, მაგას არ ვიტყვი და არც საჭიროა, რადგან თქმა არაფერს შეჰმატებს საქმეს და უთქმელობაც არაფერს დააკლებს. პოემები, რომელთა არაკიც ბევრით არ განსხვავდება ხალხური თქმულებისაგან არ არის ხეირიანად გარდაქმნილ-გადაღებულნი, არიან “სულა-კურდღელა” და ივანე კოტორაშვილი. (უკანასკნელი არმდენადაც მახსოვს, “კვალში” დაიბეჭდა და ამის გამო სუსტობენ.
   ამის გამო ვგონებ, ყველა პოემების, არაკის მბობა ჩემ მიერ მეტი უნდა იყოს, რაც შეეხება იმას, თუ მე რამდენად შევძელ საქართველოს მომავალი ბედის და უბედურების განსჭვრეტა, ამაზე ბ.იპ.ვართაგავას უნდა მოვახსენო შემდეგი: ამგვარი კითხვის პასუხი არ შეიძლება ერთმა ლექსმა ან მოთხრობამ გამოხატოს, არამედ მთელმა პოეტის ცხოვრებამ, მის მოღვაწეობამ, მთელმა იმის ნაწერებმა. როგორ გგონიათ? არ მაქვს მე წარმოდგენილი მომავალი ჩემის ბრწყინვალედ? ნუთუ ეს არა სჩანს?, რომ ეს არ მწამდეს, თქვენ გგონიათ, მე კალამს ავიღებდი ხელში?! ურწმუნოთა შრომა ამაოა, შეუძლებელიც მოგნია: იმ ხიდს, რომლის გადებაც მუშამ შეუძლებლად იცნო, თავსი დღეში გასადებლად არ შეუდგება. ნუ თუ ჩემი ნაწერები ამ მომავალ ჩვენს ყოფა-ცხოვრებაზე, ჩვენს ბედზე, არას ამბობენ? ვერაფერი პოეტი ვყოფილვარ, თუ ეს მომავალი არა სჩანს ის, რაც “დროთა სვლამ” უნდა განახორციელოს. დიაღ, იმ დროთა სვლამ, რომელიც თქვენ უმნიშვნელო, ფუქსავატი სიტყვები გგონიათ. თუ ნიჭი მაქვს ჭეშმარიტი შემოქმედებისა, უეჭველად წარსულის თუ აწმყოს აღწერით უნად რამეს ვამბობდე მომავალზე, თუ არადა, ჩემი ნიჭიერება ცარიელი მცნება, უშინაარსო სიტყვებია. ერთმა უსწავლელმა ფშაველმა მითხრა, რომელსაც “ბახტრიონი” წაეკითხა, მოსწონებოდა და ძალიან და ყელგადაგდებით, თითქოს შეკაზმულს ცხენსა მთხოვდა საჩუქრად, მეხვეწებოდა, მეკითხებოდა: “ვაჟავ, თუ ღმერთი გწამ, ნუ დამიმალავ, სწორედა თქვი, საქართველოს თავისუფლებას არა ჰგულისხმობ “ბახტრიონში”, რომ ამბობ, “ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომაო?”
   -იქნება ვგულისხმობდე, - ვუპასუხე. – “სწორედ საქართველოს თავისუფლებაზე ნათქვამიო”. დაიჟინა ფშაველმა და ხუთმეტი ათასი მჭერმეტყველი პროფესორი რომ მოგეყვანათ, იმის რწმენას, აზრს ვერ შეუცვლიდენ.
   თუ ჩემს მკითხველს ამისთანა რამეს აგრძნობინებს ჩემი ნაწერები, საკმარისია. მაშასადამე, საკმარისად წამროდგენილი მქონია საქართველოს მომავალი სვე-ბედი...
   ხოლო თავისუფლება ისეთი მცნებაა, იმას ბევრი კომენტარები არ სჭირდება.
   ერთი რამ უნდა მოვახსენო პატივცემულ კრიტიკოსს: მაინც და მაინც წინ სირბილი და მომავალი ჩვენი ცხოვრების სურათის დახატვა არ არის საჭირო; ამისთანა შრომის შესრულება არავის გვირგვინს გენიოსობისას არ დაადგამს. თქვენ ნუთუ დარწმუნებული არა ხართ, რომ ომავალს აწმყო ჰბადებს? თქვენც კარგად იცით, წიწილებს კრუხი სჩეკს და როგორც წიწილების გამოჩეკა, კვერცხების გაულაყებლობა კრუხის ერთგულებაზე დამოკიდებული, აგრეთვე კვერცხების ღირსებაზე. საწიწილე კვერცხები არ უნდა იყოს ძველი, შეციებული და აგრეთვე ნაფუტკნისა. ჩვენც პოეტნი, მწერალნი და საზოგადო მოღვაწენი, რომელნიც ეროვნულ რეალურ გონებრივ ღირებულებას  ჰქმნიან, უნდა იიყვნენ გამსჭვალულნი იმ აზრით, რომ დღევანდელი დღე უკეთესი იყოს ქვეყნისათვის, დღევანდელი ხალხი ცალ-ცალკე და საერთოდ საჭირო აზრით და გრძნობით აღიჭურვოს. მოქმედებაც თითოეული ჩვენგანისა იყოს აზრშეწონილი. დღევანდელს თვითოეულის ჩვენგანის მოქმედებას უნდა იქ მივყავდეთ, საცა საჭიროა ჩვენი მისვლა. თვითვეულის ჩვენგანის მოქმედება, მაშასადამე ის გზა უნდა იყოს, რომელმაც უნდა რომში მიგვიყვანოს. ეს რომი მთელი მომავალია და თუ რომში მიმავალი გზით არ წავედით, სწორე გზით, რომს ავცდებით. სწორე გზა აწმყოა. ვინც აწმყოს კეთილსინდისიერად ემსახურება, იგი დიდებულს მომავალსა ჰქმნის; ვინც ბევრსა ჰხნავს და სთესავს იმას ბევრი პური მოსდის; თუნდაც მოუსავლობა იყოს მაინც სხვაზე მეტი მოუვა.
   სამოთხე იმისია, ვინც დიდ მადლსა სჩადის; აწმყო სააქაო, ხოლო მომავალი საიქიო. სულის მოგება კი მხოლოდ სააქაოს შეიძლება. მომავალიც იმისია, ვინც აწმყოს მიზანშეწონილად ემსახურება.

                                                                                    1914 წ.