სიტყვები უძლურია და არც სინანული არ არის ადვილი,

როცა მეგობარი, გულის მეგობარი მოგიკვდება...

ვინ ვარ, ობოლი? მქვია სახელი? ეგებ დაჭრილი?

გულნაკლული....

სული მეხუთება და ვეღარ გამიგია, რაა ეს ცხოვრება;

ხოლო რაც მესმოდა, ისიც აღარ მესმის,

ამაოებაა ტვინის ჭყლეტა, ყოველი ფიქრი კი_

განსჯადაკარგული.

მერე, მერამდენედ ვიგრძნობ, ბედისწერა გონების მიღმაა,

ბოლოს რას მიუჩენ, რისიც საწყისია უწყი და უტყვი?

უეჭველი კი გარდაუვლობაა,

ცნებადამალული.

ფატალიზმიდან რეალობისკენ გაჭიმულ აღმართს

სიზიფეს ლოდის აგორებას რომ დაუსრულებ,

მუხანათება ცხოვრებისა მაშინ მოგნუსხავს,

დაუნდობელი ირონია გაგანადგურებს,

სიკვდილის ცელის...

ხოლო ცინიზმში ამქვეყნიურ ამაოებას ბადალი არ ჰყავს.

გესმის, ჩემო ძმაო, რას გეუბნები?

გულს ნუ გაგიტეხს კაცთა მოდგმის უმადურობა, რადგან თქმულია:

"მადლი უფალს".

ის, რომ სიწმინდეს მიწიერთა რიგს არ ვაკუთვნებთ,

ინტელექტის და უბრალოების შერწყმა კი შეუთავსებლის შეთავსებად გამოგვყავს კვალად,

არ დაიდარდო,

(ექსპერიმენტი გამორჩეულთა ხვედრია ოდენ.)

სანამ სიკვდილი განსასჯელის სკამზე მოხვდება, ყველას მოგვწვდება მისი ხელი,

ყველას მოგვხვდება,

უნუგეშობას ვერაფერი სანამ ვერ შეცვლის,

და სასოებას ვიდრე წალეკს სასოწარკვეთა,

არ დასრულდება!

უკუღმართი წუთისოფელი სად გვიგებს მახეს?

არავინ ვიცით სიკეთისთვის რატომ ვისჯებით,

რად ვერ ხვდებიან კეთილშობილ რაინდთა ზრახვებს,

და რატომ გვხვევენ დაბურული ნისლის ბადეში?

ჩვენი მიზნები ხომ ნათელია,

(აღიარება რატომ უჭირთ ადამიანებს?)

სიტყვები უძლურია და არც სინანული არ არის ადვილი,

როცა მეგობარი გულის მეგობარი მოგიკვდება

 

                                       ႢႨႭႰႢႨ ႷႥႤႪႠႸႥႨႪႨ